ქართველი მკითხველის წიგნის თაროს ამშვენებს "საქართველოს" მიერ გამოცემული ილიასა და აკაკის ხუთტომეულები. ეს სერია გააგრძელა ვაჟას ხუთტომეულმა. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ გალაკტიონის თხზულებებს ხუთ ტომად, რომელიც ჩვენი საუკუნის დიდი ქართველი პოეტის დაბადების ასი წლისთავს ეძღვნება.
გალაკტიონის თორმეტტომეული ოციოდე წლის წინათ გამოვიდა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ხუთტომეული ძირითადად ამ გამოცემის მიხედვით იბეჭდება. ტექსტის ნაწილი ხელახლა შედარდა ავტოგრაფებსა და ადრეულ პუბლიკაციებს. გათვალისწინებულია პრესაში გამოთქმული შენიშვნებიც, დატოვებულია აკადემიური გამოცემის ქრონოლოგია, თუმცა იგი ხშირ შემთხვევაში საეჭვოა და არაზუსტი.
წინამდებარე გამოცემის პირველ სამ ტომში დაიბეჭდება ლექსები, მეოთხეში – პოემები, ხოლო ბოლო, მეხუთე ტომში – ლიტერატურული წერილები, სიტყვები, მოგონებები, დღიურები, ჩანაწერები, პირადი წერილები. გალაკტიონ ტაბიძის ლირიკული შედევრები ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია. პოეტის პროზაული ნაწერები გვაცნობენ ლეგენდად ქცეული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს.
შემდგენლები: ხუტა გაგუა, ჯანსუღ ღვინჯილია, ვახტანგ ჯავახაძე
რედაქტორი: რუსუდან სირაძე
მხატვრები: თამაზ შარიფაშვილი, ხათუნა ხომერიკი
მხატვრული რედაქტორი: ლერი ღვინჯილია
ტექნიკური რედაქტორი: ზინა გვიმრაძე
კორექტორები: ნანა მჭედლიშვილი, მაია ხვედელიძე
გამომშვები: ნელი მანაგაძე